რატომ სჭირდება მხარდაჭერა ახალგაზრდას 18 წლიდან, მას შემდეგ, რაც ტოვებს სისტემას? რას ნიშნავს ცხოვრება სახელმწიფო ზრუნვაში?
რას ნიშნავს ქართულ რეალობაში ზრუნვის სისტემაში ცხოვრება?
რატომ სჭირდება ახალგაზრდას მხარდაჭერა 18 წლის მერე. მას შემდეგ, რაც ტოვებს სისტემას და გადის გარეთ...გარეთ ნიშნავს,ქუჩას!
ეს არის ის მცირედი, რაც მომისმენია, უთქვამთ ჩემზე, ჩვენზე!
- 18 წლის ახალგაზრდა უკვე ზრდასრულია. რატომ სჭირდება დახმარება? თქვენ, რაზეც საუბრობთ სასათბურე პირობები, ხომ არ იქნებოდა მათთვის?
- როდემდე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ ამ ადამიანებზე?
- ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია მოსაგვარებელი, მიხედეთ მათ !
ეს და სხვა მრავალი ბევრჯერ გაუგია ჩემს ყურებს. წაუკითხავს ჩემს თვალებს და დაუმახსოვრებია გონებას.
ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი სტუმრად მიწვეული , როდესაც მაყურებელმა დარეკა და გვითხრა, რომ სასათბურე პირობებს ვქმნით, გაანძრიონ ხელ-ფეხი.
ეხლაც ჩამესმის ამ ქალბატონის ხმა და იცით არ მწყენია.. ის არის მაგალითი იმისა, რომ საზოგადოებას აკლია ინფორმაცია სხვადასხვა სოციალურ პრობლემასთან დაკავშირებით. გარდა ამისა ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის იდეოლოგიები საკუთარ ცნობიერებაზე გამოსცადეს. საბჭოთა კავშირი კი არც თუ ისე ლოიალური იყო აღზრდის პრინციპებთან მიმართებაში, განსაკუთრებით ბავშვთა სახლის ბავშვებთან.
წარმოიდგინეთ, რომ 18 წლის განმავლობაში იყავით იზოლირებული. იშვითად გქონდათ კომუნიკაცა საზოგადოებასთან. მაშინაც იღებდით შეცოდებას, აგრესიას.! ზოგისათვის იყავით "საწყალი" და ამას პირდაპირ გეუბნებოდნენ. ზოგისათვის კი საშიში ადამიანი ყველა კუთხით.
- ბავშვთა სახლელებმა აიყოლიეს ჩემი შვილები.
- თუ შეიძლება არ დასვათ ჩემს შვილთან ბავშვთა სახლელები ერთ მერხზე. არ მინდა, რომ მათთან იმეგობროს.
- ვინ გატეხავდა თუ არა ბავშვთა სახლელი ბავშვები.
- შენ ხარ უზრდელი,მაგრამ პატრონი შენ არ გყავს ვინ გასწავლიდა ზრდილობას?
- ცოლად ვერ მოვიყვან, მაგრამ გასართობად გამოდგება.
- მიყვარს, მაგრამ ვერ გავყვები ცოლად ადამიანს, რომელსაც სახლიც კი არ გააჩნია დედამიწის ზურგზე.
- ეს გოგო ბავშვთა სახლში ცხოვრობდა, როგორ მეცოდება. !
- იცი, მესმის, რომ ინგლისურ ენაში დახმარება გჭირდება, მაგრამ მე 100$ს ვიღებ თვეში და შენ ამას ვერ გადაიხდი. ( ეს მითხრა ჩემმა პედაგოგმა მაშინ, როდესაც ვუთხარი, რომ ჩაბარებას ვაპირებ ეროვნული გამოცდების და ცოტა ხელის შეშველება მჭირდებოდა საგანში. უარის მერე დამოუკიდებლად დავიწყე სწავლა და წარმატებულად ჩავაბარე ყველა გამოცდა. )
ასევე წარმოიდგინეთ, რომ 18 წლის განმავლობაში არავის უსწავლებია თქვენთვის, როგორ მოამზადოთ საჭმელი, როგორ იცხოვროთ დამოუკიდებლად. როგორ გახვიდეთ ქუჩაში იქ, სადაც იცით, რომ გელოდებიან ადამიანები, რომლებიც აუცილებლად დაგაბულინგებენ. მე მესმის, რომ ყველა ერთ ქვაბში არ იხარშება, მაგრამ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ბულინგის მსხვერპლი იყო ამ ნიშნით, შეშინებულია და განწყობილ,ი რომ აუცილებლად დასცინებთ. ის ერიდებოდა მუდმივად იმ ადამიანებს, რომლებიც მასთან ერთად არ ცხოვრობდნენ ბავშვთა სახლში. მხოლოდ იქ გრძნობდა თავს თანასწორად.
წარმოიდგინეთ, რომ ხართ 18 წლის . არ გაქვთ საცხოვრებელი. დარჩით გარეთ "ორი ჩანთით" არ იცით მარჯვნივ წახვიდეთ თუ მარცხნივ.
როგორ ხდება სახლის ქირაობა ან, როგორ უნდა იშოვოთ ფული იმ საზოგადოებაში საცხოვრებლად, რომლისაც გეშინიათ. თქვენ გეშინიათ საზოგადოების თუ ხართ ბავშვთა სახლიდან. გახდით სრულწლოვანი.
გარდა ამისა არ იცით , რა ბარიერები შეგხვდებათ, არ ხართ მზად არაფრისათვის.
მე მინდა იმ ქალბატონს ვკითხო, რომელმაც თქვა, რომ სასათბურეა მხარდამჭერი პირობა.
-თქვენს შვილთან მიმართებაშიც ეს დამოკიდებულება გექნებოდათ 18 წლის ასაკს, როცა მიაღწევდა. არ აცხოვრებდით თქვენს სახლში? არ მოუმზადებდით საჭმელს და ჩათვლიდით, რომ მზად არის იცხოვროს დამოუკიდებლად?
ისინი, რომლებიც ყალიბდებიან წარმატებული 18 წლის ახალგაზრდები თავდაჯერებულები, ისინიც კი არ არიან მზად დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ზოგჯერ. რადგან დამოუკიდებელი ცხოვრება თავდაჯერებულობა არაა. ესაა უნარი ცხოვრებისეული პრაქტიკული გამოწვევები დამოუკიდებლად მიიღოთ .. არ არის ასე? ქვეყანაში სადაც 40 წლამდე ადამიანებს ხშირად დედები მოიხსენიებენ, როგორც ბავშვს რატომ არის 18 წლის ახალგაზრდა მზად ყველაფრისათვის. ახალგაზრდა, რომელიც არ მომზადებულა არაფრისათვის. ახალგაზრდა, რომელსაც მუდმივად ვაგრძნობინებდით მის არარაობას. როგორი საწყალი და უმაქნისია ის.
რატომ ვფიქრობთ, რომ ის მზად არის? სად ხედავთ მზაობას? რა ჩავდეთ მათში , რომ მოვთხოვოთ სანაცვლოდ? პიროვნებად ჩამოყალიბება მხოლოდ კვება არ არის.
გამოსავალი ერთ რამეშია. 18 წლამდე ყველა ზრუნვის სისტემაში უნდა შევიტანოთ პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო პირობებთან შეჩვევას, სხვადასხვა უნარების გამომუშავებას.
ასევე ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა შევქმნათ ახალი განწყობა. განწყობა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. მივიღოთ და შეცოდების ნაცვლად მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს გაძლიერებაში.
მე არ მჭირდება თქვენი ფული. მე ჭირდება თქვენი სიტყვა.. მე მჭირდება თქვენი დამოკიდებულება ჩემს მიმართ, რომელიც დამანახებს, რომ თანასწორი, სრულყოფილი და "ჩვეულებრივი" ადამიანი ვარ. არ მჭირდება მაგრძნობინოთ, რომ საცოდავი ვარ იმიტომ, რომ ასე არ არის. თქვენ ყველას გაქვთ თქვენი ტრაგედია. თქვენ ყველას გაქვთ დრამა ცხოვრებაში. მეც ასეთი ვარ. მეც ჩემი დრამა მაქვ,ს მაგრამ შემიძლია ვიყო ძლიერი, კეთილი, სასარგებლო და საინტერესო ნაწილი სოციუმის უბრალოდ დამინახეთ. ვარსებობ ძალიან ახლოს ვარ თქვენთან ..და მომეცით უფლება გავიზარდო .. დამანახეთ კეთილი სამყარო და მეც ასეთ სამყაროს შევქმნი მომავალში .
საჭიროა, რომ 18 წლის შემდგომ გაგრძელდეს "თანამეგზურობის" პროგრამა .. ეს გულისხმობს 23-25 წლამდე ახალგაზრდის გვერდში ყოფნას. გაძლიერებას, რომ მიიღოს განათლება, ჰქონდეს სამსახური მანამდე გაიაროს რეაბილიტაციის სხვადასხვა საჭირო კურსი.
გავაძლიეროთ ერთმანეთი და გავაძლიერებთ ქვეყანას. რაც უფრო მეტი ძლიერი ახალგაზრდა ეყოლება საქართველოს, მით უფრო ძლიერი, შემდგარი ქვეყანა იქნება ის.
სტატიის ავტორი : ლევან ჩახაია
No comments